ისრაელმა ღაზას სექტორის მიმართულებით თავდასხმა განაახლა. არმიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალები "ისლამური ჯიჰადის" პოზიციებს უტევენ.
"ალ ჯაზირას" ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც ეგვიპტის შუამავლობით შედგა, დარღვეულია. ექიმების ინფორმაციით, თავდასხმების დროს დაღუპულთა რაოდენობამ 34 ადამიანს მიღწია, მათ შორის უმეტესობა პალესტინის მშვიდობიანი მოქალაქეა. გარდაცვლილთა შორის 8 ბავშვი და სამი ქალია.
თავის მხრივ, ისრაელი აცხადებს, რომ ღაზას მხრიდან სარაკეტო თავდასხმების შედეგად დაშავებული 63 ადამიანი საავადმყოფოებში იმყოფება.
აღსანიშნავია, რომ სიტუაცია მხარეებს შორის განსაკუთრებით, მას შემდეგ დაიძაბა, რაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა, პალესტინელი სამხედრო მეთაური ბაჰა აბუ ალ-ატა მოკლეს. მოგვიანებით, "ისლამურმა ჯიჰადმა" ისრაელს ომი გამოუცხადა.