ისრაელმა ამერიკელ მუსლიმ კონგრესმენს რაშიდა თლაიბს მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს ტერიტორიაზე შესვლის ნება დართო, - ამის შესახებ ინფორმაციას "დოიჩე ველე" ავრცელებს.
ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რაშიდა თალაიბს, რომელიც წარმოშობით პალესტინელია, ნებას დართავენ ბებია მოინახულოს. მას შემდეგ რაც ისრაელმა რაშიდა თლაიბსა და კიდევ ერთ კონგრესმენ მუსლიმ ქალს - ილჰან ომარს ქვეყანაში დაგეგმილი ვიზიტის განხორციელების უფლება არ მისცა, თლაიბმა მთავრობას წერილი გაუგზავნა, სადაც თხოვდა, მისთვის იქ მცხოვრები მოხუცი ბებიის ნახვის უფლება მიეცათ.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს "ტვიტერზე" დაწერა, რომ "უდიდესი სისუსტის მაჩვენებელი იქნება, თუ ისრაელი ომარსა და თლაიბს ამ ვიზიტის ნებას დართავს...ისინი სამარცხვინოები არიან!".
აღსანიშნავია, რომ მუსლიმი ქალი კონგრესმენები პალესტინელების მიმართ ისრაელის პოლიტიკას და დონალდ ტრამპს მწვავედ აკრიტიკებენ.