ისრაელის პრეზიდენტი რუვენ რივლინი დღეს ოპოზიციის ლიდერს, ბენი განცს, ახალი მთავრობის ფორმირებას დაავალებს, - ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერსი" ავრცელებს.
"პრეზიდენტი პარტია "ლურჯი და თეთრის" ლიდერს ბენი განცს მთავრობის ფორმირების დავალებას მისცემს", - ნათქვამია ისრაელის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მას შემდეგ გაავრცელა, რაც რუვენ რივლინმა ქვეყნის პარლამენტში, ქნესეთში, აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები გამართა და უმრავლესობამ ბენი განცის მიერ მთავრობის ჩამოყალიბებას დაუჭირა მხარი.
შეგახსენებთ, რომ ისრაელში საპარლამენტი არჩევნები 2 მარტს გაიმართა. ეს ქვეყანაში ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში ჩატარებული მესამე არჩევნები იყო, რომლის გამართვაც მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც წინა ორი არჩევნების შემდეგ ქვეყანაში კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება ვერცერთმა ძალამ შეძლო.