ისრაელის პოლიციასა და პალესტინელებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად მინიმუმ 180 პალესტინელი და 6 პოლიციელი დაშავდა. დაპირისპირება ალ-აქსას მეჩეთთან და შეიხ ჯარაჰის რაიონში მოხდა. ათასობით პალესტინელი პარასკევს დილით მეჩეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ლოცვისთვის შეიკრიბა, მათი უმეტესობა ლოცვის დასრულების შემდეგ არ დაიშალა და შეიხ ჯარაჰის რაიონში მდებარე სახლებიდან პალესტინელების შესაძლო გასახლების ფაქტი გააპროტესტა. ისრაელის პოლიციის ინფორმაციით, პალესტინელებმა სამართალდამცავებს ბოთლები, ქვები და პიროტექნიკა დაუშინეს, რის გამოც, ისინი იძულებული გახდნენ, წესრიგი აღედგინათ. პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, წყლის ჭავლი და მანათობელი ყუმბარები გამოიყენა. სიტუაცია დაძაბულია მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს ტერიტორიაზეც, სადაც პარასკევს პალესტინელებმა ისრაელის სამხედრო ბაზას ცეცხლი გაუხსნეს.