ისრაელის სამხედროებმა ღაზადან ისრაელის ტერიტორიაზე შეჭრილი ე.წ. „კამიკაძე დრონი“ ჩამოაგდეს, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ისრაელის არმიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ისრაელის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმები გრძელდება, რის შედეგადაც ქალაქ ბეერ-შევაში 19 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. აღნიშნული პირები მაშინ დაშავდნენ, როდესაც თავშესაფრებისკენ გარბოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ყველა მათგანი მსუბუქადაა დაშავებული. ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით, ორშაბათიდან, საერთო ჯამში, 2 300 რაკეტა და საარტილერიო ჭურვი ისროლეს. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დაახლოებით 1 000 რაკეტა და ჭურვი, რომელიც დასახლებული პუნქტებისკენ იყო მიმართული, ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათმა“ გაანეიტრალა.