„ძალიან გამიმართლა, რომ მარტინს შევხვდი, რადგან წარმოუდგენელია ჩემი კარიერა მის გარეშე“, - აღნიშნა ჟურნალ People-თან ინტერვიუში რობერტ დე ნირომ.
„სკორსეზე ძალიან ემოციური ადამიანია, უყვარს ძიება და ახლის აღმოჩენა, ყოველთვის ბევრს კითხულობს, ყურადღებით ისმენს სხვათა მონათხრობს და ინტერესით ადევნებს თვალს კოლეგების მუშაობას. ვფიქრობ, რეჟისორი ყველა სფეროში უნდა ერკვეოდეს და განათლებაც მრავალმხრივი ჰქონდეს. სწორედ ასეთია მარტინი და ამიტომაა გენიალური რეჟისორი“, - დაამატა მსახიობმა, რომელმაც გასულ წელს 40 წლის მეგობრობა აღნიშნა მარტინ სკორსეზესთან.
მართალია, ახალგაზრდა რეჟისორისა და მსახიობის თანამშრომლობა, რომელიც კრიტიკოსებმა მსოფლიო კინოს ყველაზე წარმატებულ შემოქმედებით ტანდემად შეაფასეს, 1973 წელს დაიწყო ფილმით „ბოროტი ქუჩები“, მაგრამ არცერთს არ სჯეროდა, რომ ერთობლივი მუშაობა ერთს მხრივ,ოსტატობის და ვირტუოზობის სინონიმად იქცეოდა, მეორეს მხრივ, რამდენიმე ათეული წელი გაგრძელდებოდა და მთელ ეპოქას შექმნიდა თანამედროვე კინოს ისტორიაში.
ტანდემის უკანასკნელ ნამუშევრად ბიოგრაფიული დრამა „ირლანდიელი“ იქცა, რომელიც 2019 წელს „ოსკარის“ 10 პრემიაზე იქნა ნომინირებული. აღსანიშნავია, რომ სამწლიანი პაუზის შემდეგ სკორსეზე სწორედ Netflix-ის მესვეურთა წყალობით დაუბრუნდა კინოს, რომელთაც „განგსტერული კინოს ოსტატად“ წოდებულ რეჟისორს ჩარლზ ბრენდტის ბესტსელერის და ცნობილი ქილერის ფრენკ შინარის ისტორიის ეკრანიზება შესთავაზეს. სკორსეზემ სიამოვნებით მიიღო შეთავაზება და ძველ მეგობართან ერთად სხვა ცნობილი „ეკრანული განგსტერები“ ალ პაჩინო და ჯო პეშიც მიიწვია.