მეცნიერებმა, რომლებიც ირლანდიის ერთ-ერთი რეგიონის ნიადაგს იკვლევდნენ აღმოაჩინეს, რომ ის ამ დრომდე უცნობ ბაქტერიას შეიცავს, რომელსაც ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ოთხი ყველაზე ცნობილი პათოგენის განადგურება შეუძლია. ბაქტერია სვანსეას უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მეცნიერებმა აღმოაჩინეს.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თქმით, ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულობა გლობალური ჯანდაცვისთვის, საკვების წარმოებისა და განვითარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხეა.
მეცნიერების მიერ გაანალიზებული მიწა ჩრდილოეთ ირლანდიაში, ფერმანას რეგიონში იყო მოპოვებული. ეს რეგიონი ტუტე მინდვრებით არის ცნობილი, ადგილობრივებში კი დიდი ხანია არსებობს მოსაზრება, რომ ამ მიწას სამკურნალო თვისებები გააჩნია.კვლევის ერთ-ერთი ავტორი ჯერი ქვინი წარსულში ფერმანას რეგიონში ცხოვრობდა და მან ადგილობრივი ტრადიციების შესახებ დიდი ხანია იცოდა.
ტრადიციულად, მიწას ბამბის ნაჭერში ახვევდნენ და მას კბილის ტკივილის, ყელისა და კისრის ინფექციების სამკურნალოდ იყენებდნენ. აღსანიშნავია, რომ ამ რეგიონში დაახლოებით 1500 წლის წინ დრუიდები ცხოვრობდნენ, 4 000 წლის წინ კი ამ ადგილას ნეოლითური დასახლებები არსებობდა.