ზოოლოგები საუკუნეების მანძილზე იკვლევდნენ ირბისს, რომელიც პირველად გერმანელმა ნატურალისტმა იოჰან შრებერმა აღწერა 1775 წელს. მართალია, მხოლოდ ერთი სახეობით წარმოდგენილი თოვლის ჯიქი, როგორც მას ხშირად უწოდებენ, დიდხანს ფლობდა საკუთარ ოჯახს, მაგრამ 2006 წელს დაკარგა ამგვარი პრივილეგია და მეცნიერების წყალობით დიდი კატების, იგივე პანტერების ოჯახს შეუერთდა, რაც კატეგორიულად გააპროტესტეს პალეოგენეტიკოსებმა, რომლებიც დარწმუნებული არიან, რომ თანამედროვე ირბისის წინაპარი დაახლოებით 1,5 მლნ. წლის წინ გაჩნდა პლანეტაზე, ინდივუდუალურად განვითარდა და დამოუკიდებელი ოჯახიც წარმატებით შექმნა. წმინდა აზიური ძუძუმწოვარა მტაცებელი, რომლის გავრცელების არეალი თითქმის 1,25 მლნ. კვადრატულ კილომეტრს მოიცავს, განსაკუთრებულ ინტერესს ცენტრალური და სამხრეთ აზიის - პაკისტანის და ნეპალის, ჩინეთის და ავღანეთის, რუსეთის და მონღოლეთის, ინდოეთის, მიანმასა და ბუტანის, ყაზახეთის, უზბეკეთის და ტაჯიკეთის მთიანი რეგიონების მიმართ იჩენს, სადაც გაშლილ ზეგანებზე, უზარმაზარი ლოდებით დამძიმებულ ფრიალო კლდეებსა და ალპიური მცენარეებით მდიდარ მცირე ხეობებში ამჯობინებს დაბინავებას.