ირანმა განაცხადა, რომ სპარსეთის ყურეში უცხოური ნავთობტანკერი დააკავა, რომელსაც ნავთობი უკანონოდ გადაჰქონდა. გემზე ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა. ირანული სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ტანკერს 1 მილიონი ლიტრის ოდენობის საწვავი ჰქონდა ბორტზე. მათივე ინფორმაციით, ტანკერი კვირას დააკავეს. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რომელი ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერზეა საუბარი, თუმცა, ბიბისის ცნობით, სავარაუდოდ საუბარია არაბთა გაერთიანებული საამიროების ნავთობტანკერზე.
როგორც ირანული მხარე აცხადებს, თავდაპირველად ტანკერისგან დახმარების სიგნალი მიიღეს, ამიტომაც იგი ირანის ტერიტორიულ წყლებში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი მასზე კონტრაბანდა აღმოაჩინეს.
შეგახსენებთ, სპარსეთის ყურეში ვითარება დაიძაბა მას შემდეგ რაც აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სანქციები განაახლა.