ირანის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით ებრაჰიმ რაისმა გაიმარჯვა. ირანის ეროვნულ საარჩევნო კომისიის ცნობით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 28 მილიონზე მეტმა ადამიანმა. ხმების 90%-ის დათვლის შედეგად, ირანის სასამართლო სისტემის ხელმძღვანელმა ებრაჰიმ რაისმა 17.8 მილიონი ხმა, ანუ ამომრჩევლების ხმების 62% მიიღო. წინასწარი შედეგების თანახმად, მეორე ადგილზეა მოჰსენ რეზაი 3.3 მილიონი ხმით, მესამეზე კი - ირანის ცენტრალური ბანკის ყოფილი თავმჯდომარე აბდოლნასერ ჰემატი 2.4 მილიონი ხმით. 60 წლის ებრაჰიმ რაისს გამარჯვება უკვე მიულოცეს მთავარმა კონკურენტებმა. ახალი პრეზიდენტი თანამდებობას აგვისტოში დაიკავებს.