ირანის პარლამენტზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა. ერთ-ერთმა თავდამსხმელმა პარლამენტის შენობის დატოვება შეძლო და მიმდებარე ქუჩაზე ცეცხლი გახსნა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია ორი თავდამსხმელი. ოთხი უცნობი შეიარაღებული პირი ადგილობრივი დროით 09:00 საათზე პარლამენტში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. პარლამენტზე თავდასხმის პარალელურად სამხრეთ თეირანში, თავდასხმა იმამ ხომეინის მავზოლეუმზე მოხდა. ერთ-ერთმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმკვლელი ტერორისტი ქალი იყო. თეირანში მომხდარი თავდასხმებისას საერთო ჯამში სულ მცირე 35 ადამიანი დაშავდა.