ირანის ნავთობის მინისტრი ამბობს, რომ ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციას OPEC-ს დაშლა ემუქრება და დასძენს, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა, უპასუხოდ არ დატოვებს ორგანიზაციის ზოგიერთი ქვეყნის ქმედებას, რომლებიც ბლოკში ირანის ინტერესების საზიანოდ მოქმედებენ.
მინისტრი საუდის არაბეთს და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს გულისხმობს, რომლებიც მზად არიან, მსოფლიო ბაზარს იმ რაოდენობით ნავთობი მიაწოდონ, რაც საკმარისი იქნება ირანული ნავთობის დანაკლისის შესავსებად. შეგახსენებთ, რომ შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ სანქციები სრულად აამოქმედა და რამდენიმე ქვეყანას ის შეღავათები მოუხსნა, რაც მათ ირანული ნავთობის დროებით შესყიდვის უფლებას აძლევდა. ამან წარმოქმნა იმის საშიშროება, რომ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის მიწოდება მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს. ბალანსის აღდგენას საუდის არაბეთი და გაერთიანებული საემიროები კისრულობენ, რომელთაც ამისთვის ჭარბი რესურსები გააჩნიათ.