ირანი ბირთვული ობიექტებზე გაეროს ინსპექტორების წვდომის 3 თვით გახანგრძლივებაზე დასთანხმდა, - ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსმა ირანში ვიზიტის შემდეგ განაცხადა.
მისივე განმარტებით, თეირანი სააგენტოსთან თანამშრომლობის გაგრძელებას გეგმავს, თუმცა უქმდება „დამატებითი ოქმის“ განხორციელება, რომლის თანახმადაც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს უფლება აქვს ბირთვული ობიექტების მოულოდნელი, დაუანონსებელი შემოწმება ჩაატაროს.
რამდენიმე დღის წინ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მიმდინარე კვირიდან ქვეყანაში გაეროს მიერ ბირთვული ობიექტების შემოწმებას შეზღუდავდა, იმ შემთხვევაში, თუ 2015 წლის ბირთვული შეთანხმების სხვა მხარეები არ ითანამშრომლებდნენ მასთან.
გასული წლის დეკემბერში ირანის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც მთავრობას ავალდებულებს, ურანის 20%-მდე გამდიდრება განაახლოს და ასევე შეაჩეროს გაეროს მიერ ბირთვული ობიექტების შემოწმება იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არ შემსუბუქდება.
აღსანიშნავია, რომ 2015 წელს გაფორმებული ბირთვული შეთანხმების მიხედვით, ურანის გამდიდრების ზედა ზღვარი 3.67%-ია.