„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ინფორმაცია, რომ მიხელ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით წერილს ხელი 70-მა ევროპარლამენტარმა მოაწერა, არის ტყუილი და დღევანდელი დილის მონაცემებით, აღნიშნულ წერილს ხელი ერთმა ევროპარლამენტარმა მოაწერა.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, აღნიშნულ წერილზე ერთი ევროპარლამენტარის ხელისმოწერაც პრობლემაა, რადგან „ვინც ასეთ წერილს აწერს ხელს, გარკვეულწილად ხდება იმ დანაშაულის თანამონაწილე, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ქართული სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე მიუძღვის“.
ამასთან, ნაციონალური მოძრაობის პოზიციის კომენტირებისას კობახიძემ განაცხადა, რომ „ნაცმოძრაობა“ არის თანამედროვე „ბოლშევიკური პარტია“ და ეს არის სამწუხარო რეალობა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, აქედან გამომდინარე, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები 20-ვე მუნიციპალიტეტში „ქართულმა ოცნებამ“ მოიგოს.