"შეიძლება ითქვას, რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყო ყველაზე ცუდი არჩევნები 2012 წლის შემდეგ", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.კონფერენციაზე, სადაც განიხილება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები, კობახიძემ აღნიშნული არჩევნები ნეგატიურად შეაფასა და მიზეზებზე ისაუბრა.მისი თქმით, თითოეული ჩვენგანისთვის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, რა კუთხითაც დიდი პროგრესი იგრძნობა."ეს ჩვენი არა მთავრობის, არამედ სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევაა 2012 წლის მერე. ქვეყანაში უზრუნველყოფილია სამართლიანი, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და სწორედ ასეთი არჩევნების საფუძველზე ყალიბდება კონსტიტუციური ორგანოები. ამ კუთხით გვაქვს ფუნდამენტური წინსვლა 2012 წლის შემდეგ. ასევე, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა მშვიდობიანი არჩევნების ჩატარება და მშვიდობიანში იგულისხმება არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ვერბალური აგრესიისგანაც არჩევნების მაქსიმალური გათავისუფლება. ამ კუთხით ბუნებრივია, გვაქვს განსაკუთრებული გამოწვევები, რაზეც აუცილებელია მსჯელობა", - განაცხადა კობახიძემ.