საპარლამენტო უმრავლესობიდან კიდევ რამდენიმე წევრის შესაძლო გასვლას პარლამენტის თავმჯდომარე ეხმაურება. ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ გუნდის ერთიანობას საფრთხე არ ემუქრება და რამდენიმე წევრის მიერ უმრავლესობის დატოვება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა შესაძლოა, ფრაქცია "სოციალ-დემოკრატების" წევრებმა მირან წიკლაურმა და გია ჟორჟოლიანმაც დატოვონ. დეპუტატები "პალიტრანიუსთან" საუბარში, უმრავლესობასთან შეუთავსებლობის რამდენიმე მიზეზზე საუბრობენ, რომელთა შორის სასამართლო საკითხები და ეკონომიკური პოლიტიკაა. უმრავლესობის შესაძლო დატოვებას არ გამორიცხავს თავად ჟორჟოლიანი. ასევე კიდევ ერთი დეპუტატი, ვინც შესაძლოა, უმრავლესობის რიგებს გამოაკლდეს, რუსლან პოღოსიანია. პოღოსიანი ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილის თანამოაზრე დეპუტატთა შორისაა.