ირაკლი კობახიძე ავსტრიის ფედერალური ეკონომიკური პალატის გენერალურ მდივანს შეხვდა. შეხვედრისას საუბრის მთავარი თემა ორმხრივი ურთიერთობები და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები იყო. ამასთან, ყურადღება გაამახვილეს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებსა და ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო და ლოჯისტიკის ცენტრად ჩამოყალიბების პერსპექტივებზე. კარლჰაინც კოპფის შეფასებით, საქართველო რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანაა ინვესტორებისთვის და ამას ქვეყნით ავსტრიელი ბიზნესმენების მზარდი დაინტერესება ადასტურებს. შეხვედრას ესწრებოდა ავსტრიული კომპანია „გებრუდერ ვაისის“ აღმასრულებელი დირექტორი, ვოლფრამ ზენგერ-ვაისი, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს, მოქნილი კანონმდებლობისა და ინვესტორებისთვის შექმნილი დაცული გარემოს მეშვეობით, შესაძლებლობა აქვს რეგიონში ლოჯისტიკურ ჰაბად გადაიქცეს. კარლჰაინც კოპფმა, ირაკლი კობახიძეს ჩვენი ქვეყნის დასავლური მისწრაფებებისადმი ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.