16 დეკემბრიდან, ახალი კონსტიტუციის ამოქმედებისთანავე, სასოფლო-სამეურნეო მიწებთან დაკავშირებით მორატორიუმი აბსოლუტური ფორმით ამოქმედდება - თუ საზოგადოებას სწორ ინფორმაციას მივაწვდით, ვნებათაღელვა არ იქნება, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააკეთა. პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ წევრი ადა მარშანია ინიციატივით გამოვიდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებით გაუქმებული მორატორიუმი პლენალურ სხდომაზე განხილვის თემა გახდეს. ანალოგიური განცხადება გააკეთა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ ახალი კონსტიტუციის შესაბამისად სასოფლო-სამეურნეო მიწებზე ორგანული კანონის პროექტი მზად არის.