საქართველოს თავდაცვის მინისტრი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება.
ირაკლი ღარიბაშვილმა პირველი შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან გამართა. პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში სტაბილურობის მნიშვნელობაზე, სტრატეგიულ პარტნიორობასა და ერთობლივ პროექტებზე იმსჯელეს. ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანულ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავდაცვის მინისტრმა ყურადღება აზერბაიჯანთან კეთილმეზობლურ, ნდობაზე დაფუძნებულ და სტრატეგიულ პარტნიორობაზე გაამახვილა.
პრეზიდენტის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილს აზერბაიჯანელმა კოლეგამ გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა უმასპინძლა. დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა აზერბაიჯანისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრამდე ღარიბაშვილმა "შეხიდების ხეივანი" მოინახულა და დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო.