დედაქალაქის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ვაშლიჯვრის ფერდობზე მეწყრული პროცესები ჯერჯერობით მოსახლეობისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს, თუმცა, თუ რეალური საფრთხე გაჩნდება, მერიას შესაბამის სამსახურებთან ერთად ევაკუაციის გეგმა უკვე აქვს.
როგორც ბენდელიანმა ბრიფინგზე აღნიშნა, მერია ყველა შესაძლო სცენარისთვის მზად არის.
ამასთან, მომდევნო კვირაში ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის ფერდობზე უახლესი მონიტორინგის სისტემა დამონტაჟდება, რომელიც ინფორმაციის ოპერატიულად მოწოდებას უზრუნველყოფს.ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, მეწყრული ზონის გასამაგრებლად, დამცავი კედელი მოეწყო და დასახელებული გზის მონაკვეთზე ავტომანქანების ორმხრივი მოძრაობა აღდგა. როგორც მერიაში აცხადებენ, გზაზე გადაადგილება უსაფრთხოა.
თბილისის მერის მოადგილის თქმით, შემდგომი ეტაპის გამაგრებითი სამუშაოების მიზნით, მიმდინარეობს შესყიდვის პროცედურები, რათა პრობლემა სრულად აღმოიფხვრას. რაც შეეხება მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე მეწყრულ ზონას, ბენდელიანის განცხადებით, ქართველი და უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით შემუშავდა გეგმა, რის შემდეგაც კონკრეტული ღონისძიებები განხორციელდება.