მრავალშვილიანი ან ახალშეძენილი შვილების მქონე ოჯახებისთვის იპოთეკური სესხის სუბსიდირება 1-ლი სექტემბრიდან დაიწყება. საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი "ბიზნესპრესნიუთან“ აცხადებს, რომ პროგრამაში მონაწილეობაზე ყველა ბანკს აქვს ხელი მოწერილი.
ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, აქედან რამდენი გასცემს სესხს, იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ ჯდება მსესხებელი კრიტერიუმებში.
მისივე თქმით, იმშემთხვევაში, თუ კლიენტი ვერ დააკმაყოფილებს იპოთეკური სესხის გასაცემად არსებულ კრიტერიუმებს, ცხადია მასზე ბანკი სესხს ვერ გასცემს. თუ რომელიმე ბანკს არავინ მიმართავს, ვინც კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, გამოვა, რომ მას არ აქვს პროგრამაში მიღებული მონაწილეობა.
ცნობისათვის, 1-ლი სექტემბრიდან ძალაში შედის პროგრამა, რომელიც შეეხება იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირებას იმ ოჯახებისთვის, ვისაც ახალშობილი ეყოლებათ, ან იმ ოჯახებისთვის, ვისაც სამი ან მეტი შვილი ჰყავთ. სესხის ოდენობა 200 000 ლარი იქნება და სახელმწიფო თანადაფინანსებას 5 წლის განმავლობაში განახორციელებს. ამასთან, ახალშეძენილი შვილის მქონე ოჯახებისთვის თანადაფინანსება სესხის პროცენტის ნახევარი იქნება, ხოლო მრავალშვილიანი ოჯახებისთვის - 2/3.