საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსს" დაარსებიდან 20 წელი შეუსრულდა. სასტუმრო "თბილისი მარიოტში" "ინტერპრესნიუსი" საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა, სადაც სააგენტოს მიერ გავლილი 20 წელი შეჯამდა.
ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო ფოტომასალა სააგენტოს არქივიდან, რომელიც 20 წლის განმავლობაში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ასახავდა და გადაღებულია ქვეყნის წამყვანი ფოტორეპორტიორების მიერ.
ღონისძიებას ქართველი პოლიტიკოსები, სასამართლო სისტემის, სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნესის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, კულტურის სფეროს და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" 2000 წლის იანვარში დაფუძნდა, 2005 წლიდან კი "პალიტრა მედიას" შემადგენლობაშია. ვებგვერდი IPN.GE მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ განვითარებულ მოვლენებზე. სააგენტოს გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. სააგენტოს ვებ-გვერდს ყოველდღიურად საშუალოდ 70 ათასამდე უნიკალური მნახველი ჰყავს.
ამ წლების განმავლობაში სააგენტომ მკითხველისა და მედიამაუწყებლობების დიდი ნდობა მოიპოვა და ქართულ მედიასივრცეში ერთ-ერთი ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს.