ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო დამზადება-შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის უპრეცედენტოდ მასშტაბური სქემა გამოავლინეს. შსს-ს ინფორმაციით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია ყაზახეთის მოქალაქე.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული წარმოადგენდა ნარკორეალიზატორთა ჯგუფს და ჩართული იყო ინტერნეტნარკორეალიზაციისა და ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონის“ დამზადების სქემაში. დაკავებულის დროებით საცხოვრებელ სახლში, სხვადასხვა ქიმიური საშუალებისა და პრეკურსორებისგან ლაბორატორიული ინვენტარის გამოყენებით ამზადებდა ნარკოტიკულ საშუალება „მეფედრონს“ და შემდეგ მის რეალიზაციას ინტერნეტით ახდენდა.
ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების ღირებულება შავ ბაზარზე 1 200 000 ლარს შეადგენს. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.