ნიკა რურუა ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს. მანამდე კი სამოქალაქო პანაშვიდი ვერის სასაფლაოს ეკლესიაში მიმდინარეობდა. პოლიტიკოსი უკანასკნელ გზაზე ოჯახის წევრების გარდა, ახლობლებმა, მეგობრებმა, პოლიტიკოსებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა გააცილეს. სამძიმარზე მისული ადამიანები ნიკა რურუას იხსენებენ, როგორც პრინციპულ პოლიტიკოსს და მოაზროვნეს. მის დაკრძალვაზე იმყოფებოდა ასევე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძეც. რურუას ოჯახს პატრიარქის თანამოსაყდრემაც მიუსამძიმრა, რომელმაც ჭირისუფლებს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილი გადასცა. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი დეპუტატი და კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა 50 წლის ასაკში საკუთარ სახლში, 4 დეკემბერს გარდაცვლილი იპოვეს. მისი დაღუპვის მიზეზად გულის შეტევა სახელდება.