სალომბარდე ბიზნესს შესაძლოა გარკვეული შეზღუდვები დაუწესდეს. ფინანსთა მინისტრის ინიციატივით, უნდა განისაზღვროს იმ აქტივების ჩამონათვალი, რომლებიც სალომბარდე საქმიანობაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. კერძოდ, ლომბარდებს გარანტად სახლისა და მანქანის ჩადების უფლება აღარ ექნებათ. ეკონომისტ ლია ელიავას განცხადებით, სალომბარდე საქმიანობის რეგულირება აუცილებელია.
არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ლომბარდები სესხს შემოსავლების დადასტურების გარეშე გასცემენ, მსესხებლები კი ვალის გადაუხდელობის გამო საკუთარ უძრავ-მოძრავ ქონებას ხშირ შემთხვევაში, კარგავენ. ირაკლი ბერძენაძის განმარტებით, ინიციატივა მოსახლეობას ჭარბვალიანობისგან დაიცავს.
ლომბარდებში ბინისა და ავტომანქანის გარანტიით საშუალოდ, დღიურად 10-მდე სესხი გაიცემა. სალომბარდე ბიზნესის წარმომადენლების განცხადებით ფინანსთა მინისტრის ინიციატივა მომხმარებლისთვის სასარგებლო იქნება, თუმცა ბიზნესს დააზარალებს.