ინგლისში დღეიდან ახალი საყოველთაო „ლოქდაუნი“ ამოქმედდება, რომელიც სულ მცირე თებერვლის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება, - შესაბამისი განცხადება გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა გააკეთა. ახალი შეზღუდვების თანახმად, მოქალაქეები ვალდებულები არიან სახლში დარჩნენ და აუცილებელი შემთხვევების გარდა საცხოვრებელი არ დატოვონ.
ამასთან, სკოლები და კოლეჯები იხურება და სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. რესტორნებს შეუძლიათ მომხმარებლებს საკვების მიწოდების სერვისით მოემსახურონ. იხურება გოლფის მოედნები, ტენისის კორტები და ღია ტიპის სპორტდარბაზები.
ახალ შეზღუდვებზე საუბრისას ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ მომავალი კვირები ურთულესი იქნება. მისი განმარტებით, კორონავირუსის ახალი, უფრო გადამდები ვარიანტი სწრაფად ვრცელდება და მის შესაჩერებლად დაუყოვნებელი მოქმედებაა საჭირო.
ქვეყანაში, პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსით, საერთო ჯამში, 2 713 563 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 75 000-ზე მეტი პაციენტი დაიღუპა.