ინგლისში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარებას 12-15 წლის ასაკის ყველა ბავშვს შესთავაზებენ. მედიის ინფორმაციით, ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც შესაბამისი რეკომენდაცია მთავრობის მრჩეველთა ჯგუფისგან, „მთავარი სამედიცინო ოფიცრებისგან“, მიიღო. „მივიღე „მთავარი სამედიცინო ოფიცრების“ რეკომენდაცია ვაქცინაციის 12 -დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში ჩატარების შესახებ, რაც ბავშვებს კოვიდ 19-ით დაინფიცირებისგან იცავს, სკოლებში გავრცელებას ამცირებს და მოსწავლეებს საკლასო ოთახებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს,“- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა. ცნობისათვის, „მთავარი სამედიცინო ოფიცრების“ რეკომენდაციის თანახმად, 12 -დან 15 წლამდე ასაკის ბავშვები „ფაიზერ/ბიონტექის“ ვაქცინით უნდა აიცრან. აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთში აქამდე აღნიშნული ასაკის მხოლოდ მაღალი რისკის მქონე ბავშვებს სთავაზობდნენ ვაქცინაციას.