აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა დღეს, 18:00 საათზე იწურება. გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლის სისტემა იმითაც არის უნიკალური, რომ აბიტურიენტს ქულების გაგების შემდეგ რეალური არჩევნის გაკეთების საშუალებას აძლევს. საღამოს 6 საათამდე აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ დაამატონ, წაშალონ ან შეცვალონ ფაკულტეტები. ცვლილებები მათ ელექტრონულად უნდა შეიტანონ. ყველა ცვლილება მათ ელექტრონული ფოსტის საშუალებით უნდა დაუდასტურდეთ. თუ აბიტურიენტი ასეთ დადასტურებას ვერ მიიღებს, სავარაუდოდ,მას ეს პროცესი დასრულებული არ აქვს. ელექტრონულ განაცხადში მისათითებელი საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა შეზღუდული აღარ არის. აბიტურიენტთა სააპელაციო განაცხადების მიღებაც დღეს 18:00 საათზე შეწყდება.