თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საავადმყოფოში დღეს შეყვანილ, ჩინეთიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეს, დიდი ალბათობით, ახალი კორონავირუსი არ აქვს.
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 26 წლის ახალგაზრდა ქალი 15 იანვრის შემდეგ იმყოფებოდა ჩინეთში, ბურჯიანის პროვინციაში. ექიმის განმარტებით, როგორც თავად პაციენტი ამბობს, ჩასვლის შემდეგ იზოლირებულად ცხოვრობდა, საკვებს კი ბინაზე მომსახურების მეშვეობით იღებდა. ექიმის თქმით, პაციენტი აღნიშნავს, რომ ინფიცირებულ პირთან კონტაქტი არ ჰქონია. ამასთან, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, პაციენტი გუშინ გამოფრინდა შანხაიდან ტრანზიტით: შანხაი - მოსკოვი - ერევანი. ექიმის თქმით, მართალია, ტემპერატურამ დაიწია, მაგრამ 24 საათის განმავლობაში პაციენტს დააკვირდებიან.
ამასთან, ინფექციური საავადმყოფოს ექიმის ინფორმაციით, 30 იანვრის შემდეგ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კვლევა და მკურნალობა ჩაიტარა ამ ქალის ჩათვლით 15-მა ადამიანმა. მარინა ეზუგბაიას განმარტებით, 14 პაციენტთან უკვე ჩატარდა ცხვირ-ხახის ნაცხის ტესტირება ახალ კორონავირუსზე და შედეგი ყველასთან უარყოფითი იყო.