თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 45 პაციენტი მკურნალობს, მათგან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც ეზუგბაიამ „პალიტრანიუსს“ განუცხადა, დღეს კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული არცერთი პაციენტი არ დამატებია, თუმცა დღეს ტესტირება კლინიკაში მყოფ ერთ საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტს ჩაუტარდება.
რაც შეეხება 45 ინფიცირებულის მდგომარეობას, ეზუგბაიას ინფორმაციით, მათგან ორი კრიტიკულთან მიახლოებული პაციენტია, რომელთა მდგომარეობა დასტაბილურებულია და დაავადება აღარ პროგრესირებს, 14 პაციენტი კი მძიმე პნევმონიითაა. კლინიკაში ამ დროის მონაცემებით 7 მოზარდიც მკურნალობს.
ინფექციურ საავადმყოფოს 50 გამოჯანმრთელებული პირი ჰყავს.