2020 წლის დასაწყისისთვის მსოფლიო იხილავს პირველ ქართულ ელექტრომობილებს. ინდუსტრიული ჰოლდინგი Aigroup ქუთაისში ელექტრომობილების საწარმოს მშენებლობას იწყებს, რომელიც 100 ჰა ფართობის ტერიტორიაზე განთავსდება. საწარმოში საწყის ეტაპზე დაახლოებით 300 ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება და მისი ამოქმედებიდან 18 თვის ვადაში ბაზარზე 5000 ელექტრომობილი გამოვა. პროექტის დასაწყისში ქარხანაში ოთხი მოდელის ავტომობილს აწარმოებენ. ელექტრომობილები ევროპის ქვეყნების ბაზრებზე საქართველოს მთავარი საექსპორტო პროდუქტი იქნება. ახალი საწარმოს ტერიტორიაზე განთავსდება არა მხოლოდ ავტომობილების, არამედ ეკოპროდუქციის, მზის პანელების და სხვა მაღალტექნოლოგიური პროდუქტების საწარმოები. ეს იქნება ინდუსტრიული კომპლექსი, რომელიც რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვან ჰაბად გადაიქცევა. შეგახსენებთ, რომ ელექტრომობილების წარმოების დაწყების შესახებ მემორანდუმი 2019 წლის მაისში გაფორმდა.Aigroup ერთ-ერთი პირველი ინდუსტრიული ჯგუფია საქართველოში, რომელიც გლობალურად უდგება 21-ე საუკუნის გამოწვევებს. თანამედროვე ელექტრომობილის წარმოება და ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია ,,აიგრუპის“ სამოქმედო გეგმაა უახლოეს წლებში. ,,აიგრუპის“ წარმომადგენლების თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ელექტრომობილების ფასი ადგილობრივი სეგმენტისთვის ხელმისაწვდომი გახდეს. ამისათვის გააქტიურდება ავტომობილების სოციალური და საჯარო სალიზინგო სერვისები, რაც ქართველ მომხმარებელს ავტომობილის შეძენას გაუადვილებს.