ინდოეთში წელს ძლიერი სიცხის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. „სიენენის“ ცნობით, მომდევნო წლებში ტემპერატურის კიდევ უფრო მატებაა მოსალოდნელი, რაც ინდოეთის დიდ ნაწილს ჰუმანიტარული კრიზისით ემუქრება. ივნისის თვეში დედაქალაქ დელიში ტემპერატურამ 48 გრადუსს მიაღწია. ქვეყნის ყველაზე ღარიბ შტატ ბიჰარში ძლიერი სიცხის გამო, სკოლებში სასწავლო პროცესი ხუთი დღის განმავლობაში შეჩერებული იყო.
ძლიერი სიცხე, როგორც წესი, ინდოეთში მარტიდან ივლისამდე პერიოდშია. თუმცა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ცხელი დღეების რაოდენობა გაიზარდა, ჰაერის ტემპერატურამაც იმატა. კლიმატური ცვლილებების მთავრობათაშორისი პანელის ინფორმაციით, ინდოეთი კლიმატური ცვლილებების შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდება.
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ექსპერტების თქმით კი ინდოეთის ცალკეული რაიონები ისეთი ცხელი გახდება, რომ იქ ადამიანები ცხოვრებას ვეღარ შეძლებენ.