ინდოეთს ციკლონი „იაასი“ დატყდა თავს. სტიქიას ერთ-ერთ შტატში სულ მცირე ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთ გარდაცვლილი 15 წლის ბიჭია, რომელიც მაშველებმა ტბორში აღმოაჩინეს. სტიქიის გამო 1.2 მილიონ ადამიანს საცხოვრებელი ადგილების დატოვება და თავშესაფრის ძებნა მოუწია. ინდოეთის მეტეოროლოგიურმა დეპარტამენტმა „იაასს“ „ძალიან ძლიერი ციკლონური შტორმის“ კლასიფიკაცია მიანიჭა. მეცნიერები აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ ინდოეთის ოკეანეში ციკლონები სულ უფრო ხშირი და მკაცრი ხდება, რადგან კლიმატის ცვლილებამ წყლის ტემპერატურის მატება გამოიწვია. გასულ კვირას, ინდოეთის დასავლეთ ნაწილს ციკლონი „ტაუკტაე“ დაატყდა თავს, რომელსაც სულ მცირე 155 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.