"იმოგზაურე ვისოლთან ერთად" პროექტის ფარგლებში შიდა ტურიზმის მხარდამჭერი ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია დაიწყო. საქართველოს მასშტაბით ადგილობრივი ტურისტებისათვის დღემდე თითქმის უცნობი მცირე საოჯახო ტურისტული ობიექტების შესახებ ცნობადობის ამაღლებით ვისოლს სურს პანდემიის ზეგავლენით შემოსავლების გარეშე დარჩენილ მცირე ბიზნესს ვიზიტორების ნაკადი შეუქმნას და დააძლევინოს კრიზისი.
ამისთვის, "ვისოლი“ საკუთარი რესურსებით მათ ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას სთავაზობს და პარტნიორ ტურისტულ კომპანიებთან ერთად საქართველოში ახალაღმოჩენილ ტურისტულ ობიექტებზე სტუმრობის მსურველებს დაუვიწყარ თავგადასავლებს ჰპირდება. აღნიშნულ პროექტს "ვისოლი" საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ახორციელებს.
ვისოლის მხარდაჭერით შერჩეული ტურისტული ცენტრების ცნობადობის შესაქმნელად საქართველოს მასშტაბით გამოჩნდება ბილბორდები, სოციალური მედიის საშუალებით გავრცელდება მათ შესახებ საინტერესო ისტორიები და სტუმრობით დაინტერესებულ პირებს ტურისტული კომპანიები,მოემსახურებიან. პროფესიული ფოტოგადაღება, რომელიც ვისოლმა პროექტის ბენეფიციარებს მოუწყო, მათ მიმზიდველ ფოტობაზას შეუქმნის. კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური კი პროფესიულ კონსულტაციებს გაუწევს განვითარების საწყის ეტაპზე მყოფ მცირე ბიზნესს.
პროექტის ბენეფიციარები არიან: „მხატვრის სახლი“ ქვემო ქართლში, „ოტიას ეზო“ იმერეთში, ეთნო სოფელი „სისატურა” სამეგრელოში, მუსხის სკოლა მუზეუმი უძველესი ხალიჩა-ფარდაგებით სამცხე ჯავახეთში, მარანი-მუზეუმი „ნუმისი“ კახეთში, „ასლანიკაშვილების მარანი“ ლეჩხუმში, სოფელი-მუზეუმი გოგოლათი რაჭაში, სასტუმრო „უშგული“ სვანეთში, ციხე მარანი „შარამანი“ შიდა ქართლში და შოთა არაბულის სასტუმრო ხევსურეთში