2019 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.6%-ით გაიზრდება - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალ მიმოხილვაშია აღნიშნული, რომელიც კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებზე მომზადდა.
მიმოხილვის თანახმად, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ეკონომიკური ზრდა დასტაბილურდა, რამდენადაც სახელმწიფოებმა 2014-2016 წლების საგარეო შოკები დაძლიეს. მაგრამ რეგიონის ქვეყნებში ცხოვრების დონის ამაღლებისთვის, ეკონომიკის ზრდა მაინც საკმაოდ ნელი ტემპით მიმდინარეობს.
როგორც მიმოხილვაშია აღნიშნული, საქართველოში ეკონომიკურ ზრდას ხელს შეუწყობს მსხვილი ინფრასტრუქტურული ინვესტიციები, რომელთა განხორციელება დაგვიანდა და გადაიდო 2018 წელს. სავალუტო ფონდი მიიჩნევს, რომ სწორედ ეს დააბალანსებს შემცირებულ შიდა მოთხოვნას.
ამასთან, როგოც მიმოხილვაშია აღნიშნული, კავკასიასა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საბანკო სექტორში კვლავ მაღალია პრობლემური აქტივების მოცულობა. ოფიციალური მონაცემებით, მართალია გადაუხდელი კრედიტები დაბალ მაჩვენებელზეა, მაგრამ პრობლემური აქტივები ზოგიერთ ქვეყანაში ძალიან მაღალია.