ბიზნესმენის ილონ მასკის ქონება ერთ კვირაში მილიარდ 700 მილიონი დოლარით გაიზარდა. ეს იმ ფონზე მოხდა, როდესაც Tesla-ს კაპიტალიზაციამ 100 მილიარდ დოლარს მიაღწია. კომპანიის აქციებმა კი ერთ კვირაში 16%-ით მოიმატა. Forbes-ის მონაცემებით, ამ ეტაპზე ილონ მასკის ქონება 32 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ცნობისთვის, ამერიკული ელექტრომობილების მწარმოებელი კომნპანია Tesla-ს კაპიტალიზაციამ 100 მილიარდ დოლარს პირველად წინა კვირას გადააჭარბა. კომპანიის აქციაზე საცალო ფასმა სამშაბათს პირველად მიაღწია 555 დოლარსა და 10 ცენტს. შედეგად კი, მისმა კაპიტალიზაციამ 100 მილიარდ 100 მილიონი დოლარი შეადგინა.
როგორც Bloomberg-ი წერს, თუ Tesla 100-მილიარდიან მაჩვენებელს რამდენიმე თვის განმავლობაში შეინარჩუნებს, მაშინ ილონ მასკი კიდევ 346 მილიონი დოლარის პრემიის მიღებას შეძლებს.