ილიაუნის ბიზნესსკოლის სტუდენტთა ნაწილმა 24-საათიანი საპროტესტო აქციის გამართვის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულის შესახებ ცნობილი უნივერსიტეტში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა, სადაც სტუდენტები ბიზნესსკოლის ყოფილ რექტორს, გიორგი ქადაგიძეს შეხვდნენ. სტუდენტები აღნიშნავენ, რომ აქციები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. კერძოდ, ისინი ითხოვენ გიორგი ქადაგიძის თანამდებობაზე დაბრუნებას და ბიზნესსკოლისთვის ძველი სტატუსის აღდგენას. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა აღნიშნულ მოთხოვნას უერთდება უნივერსიტეტის ლექტორთა ნაწილი, თავად გიორგი ქადაგიძის განცხადებით კი, ეს არის ჯანსაღი პროცესი, რომელიც სტუდენტებმა დაიწყეს და რომელიც აუცილებლად მათი გამარჯვებით დასრულდება. სტუდენტებს წუხელვე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია გაესაუბრა. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ლექტორი დაპირდა, რომ დღეს შეიკრიბება შესაბამისი საბჭო, რომელიც მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით იმსჯელებს.