დაზარალებული თამთა თოდაძე დედასთან ერთად საზღვარგარეთ წასვლას აპირებს, სადაც პოლიტიკურ თავშესაფარს მოითხოვს, თითქოს მას დევნიან და უმრავლესობაში მყოფი დეპუტატი ბოროტად იყენებს ძალაუფლებას, - ამის შესახებ "პალიტრანიუსს" საკრებულოს ბრალდებული დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა განუცხადა.
როგორც კუბლაშვილი განმარტავს, სასამართლომ ილია ჯიშკარიანის დაცვის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და წინასასამართლო სხდომის ვადა 18 ნოემბრის ნაცვლად - 2 დეკემბრამდე გადაწია.კუბლაშვილი აცხადებს, რომ მან უამრავი მტკიცებულება მოიპოვა, თუმცა, დამატებით სჭირდება გონივრული ვადა, რომ აიღოს სასამართლოს განჩინებები, რათა გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია, რომლებიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს და შემხებლობაშია სისხლის სამართლის საქმესთან. მისივე განცხადებით, ჯიშკარიანის სიცოცხლის გადარჩენა სრულიად შემთხვევითმა გარემოებებმა განაპირობა.
შეგახსენებთ, საკრებულოს ბრალდებულ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. ამას გარდა, მას აეკრძალა თანმშრომლებთან კომუნიკაცია, რომლებიც საქმეზე მოწმის სახით უნდა დაიკითხონ.