საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვა, 1921 წელს ჩვენი ქვეყნის რუსული ოკუპაცია და გასაბჭოება, ბოლშევიკთა მიერ პატრიოტი ქართველების დევნა, გაუთავებელი რეპრესიების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი, ათასობით ცხედარი და უკან დაბრუნებული საბჭოთა ხალხი. გერმანულ ნაციზმს გადარჩენილი ტყვეების დევნა გამარჯვებულ საბჭოეთში. ეს ე.წ. სამამულო ომის ქრონიკებია. ეს გზა გაიარა, სხვა უამრავ ქართველთან ერთად, პოეტმა ლადო სულაბერიძემ. ის ჯერ კიდევ დამოუკიდებელ საქართელოში, 1919 წელს დაიბადა ვანის რაიონის სოფ. შუამთაში. მამა, სიმონ სულაბერიძე ბოლშევიკთა მხარეს გადანაცვლებული ყოფილი მენშევიკი გახლდათ. დედა მარიამ ნამიჭეიშვილი დიასახლისი იყო. წყვილი ორ ვაჟს ზრდიდა, უფროსი ლადო იყო, მასზე ორი წლით უმცროსი - შოთა. ბავშვობის წლებს მშობლიურ სოფელში ატარებდნენ. თითქოს, პატარაობიდანვე გრძნობდა, რომ მისი ცხოვრების თანმდევი გახდებოდა დევნა, უბილეთო მგზავრობა, იარაღი, ომი და მძევლობა. ამიტომ, სასტიკად არ უყვარდა თოფით ომობანას თამაში. როცა თანატოლები მოსდევდნენ, საგულდაგულოდ იმალებოდა ტყვედ რომ არ ჩავარდნილიყო...