იერუსალიმის სიახლოვეს ქვის ხანის გიგანტური დასახლება აღმოაჩინეს. ნეოლითური ძეგლი იერუსალიმიდან 5 კილომეტრით დასავლეთით, მოცას მიკრორაიონში აღმოაჩინეს. როგორც ირკვევა, ეს დასახლება 10 000 წლის წინ დაარსდა, დაახლოებით ათასი წლის შემდეგ კი ვაჭრობისა და სხვა აქტიურ საქმიანობათა ცენტრი გახდა, სადაც 2000-3000 ადამიანი ცხოვრობდა.უძველესი ქალაქის ნამდვილი სახელი უცნობია. არქეოლოგიური გათხრები 18 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ქალაქის ფართობი დაახლოებით 40 ჰექტარი უნდა ყოფილიყო.დასახლება 10 500 წლის წინ დაარსდა და მაშინ სულ რაღაც ერთი ჰექტარის ფართობს მოიცავდა. თუმცა, მომდევნო 1500 წლის განმავლობაში ის განვითარებულ ურბანულ ცენტრად იქცა, რომელშიც მრავლად იყო დიდი შენობები, საზოგადოებრივი ობიექტები და სარიტუალო ადგილები.ამ დრომდე მეცნიერებს მიაჩნდათ, რომ ეს რეგიონი იმ პერიოდში დაუსახლებელი უნდა ყოფილიყო. თუმცა, გარემო პირობები სულ სხვა რამეზე მიუთითებდა - ხეობაში არის ნაყოფიერი მიწები და მდინარე სორეკის მტკნარი წყალი. ქალაქის ერთ ნაწილში აღმოჩენილია საცავები, სადაც ადამიანები საკვებს ინახავდნენ.
სამარხებში აღმოჩენილი კულტურული არტეფაქტები და ძვირფასი ნივთები. მკვლევართა განცხადებით, აღმოჩენილი ნივთები მიუთითებს, რომ ამ უძველეს ხალხს გაცვლა-გამოცვლა ჰქონდათ გაჩაღებული სხვა შორეულ ადგილთა მცხოვრებლებთან. აღსანიშნავია,რომ გათხრები კვლავ გრძელდება. არქეოლოგთა განცხადებით, ეს უპრეცედენტო ძეგლი ჯერ კიდევ მრავალ საიდუმლოს მალავს.