მკაცრად ვგმობ უკრაინის მთავრობის წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას. უახლოეს დღეებში ნატო და უკრაინა ხელს მოაწერენ შეთანხმებას კიბერთანამშრომლობის გაძლიერების შესახებ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებაშია აღნიშნული. მისივე თქმით, ნატო წლების განმავლობაში მჭიდროდ თანამშრომლობს უკრაინასთან მისი კიბერთავდაცვის გასაძლიერებლად. „ნატო-ს კიბერექსპერტები ბრიუსელში უკრაინელ კოლეგებს უზიარებდნენ ინფორმაციას მიმდინარე მავნე კიბერ აქტივობების შესახებ. უახლოეს დღეებში ნატო და უკრაინა ხელს მოაწერენ შეთანხმებას კიბერთანამშრომლობის გაძლიერების შესახებ. ნატო-ს ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ გაგრძელდება,“- აცხადებს სტოლტენბერგი. შეგახსენებთ, უკრაინის სამთავრობო უწყებების ვებგვერდებზე მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა და გამოჩნდა მუქარა უკრაინელების მიმართ, რომ „ეშინოდეთ და ყველაზე ცუდს ელოდნენ“.