იემენში კიდევ ერთი მილიონი ბავშვი დგას შიმშილის საფრთხის წინაშე. არასამთავრობო ორგანიზაციის Save the Children განმარტებით, საკვებ პროდუქტებზე ფასების მატებისა და ეროვნული ვალუტის ღირებულების შემცირების გამო, რაც მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტით არის განპირობებული, სულ უფრო ბევრი ოჯახი დგება შიმშილის პრობლემის წინაშე. თუმცა კიდევ ერთი საფრთხე მთავარ საპორტო ქალაქ ჰოდეიდასთან მიმდინარე შეიარაღებულ დაპირისპირებას უკავშირდება, რომელიც ამბოხებულების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარების ძირითადი მიმღები პუნქტია. საპორტო ქალაქში გამწვავებული დაპირისპირების გამო მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება ფერხდება, ზოგჯერ კი საერთოდ ვერ ხერხდება. იემენში ჯამში 5,2 მილიონი ბავშვი დგას შიმშილის წინაშე. გაეროს ინფორმაციით, ომს, რომელიც 2015 წელს ამბოხებულ ჰუსიტებსა და ხელისუფლებას შორის გამწვავდა 10 ათასი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 55 ათასი ადამიანი კი დაშავდა.