„IDS ბორჯომის“ მფლობელი კომპანია მზად არის, საქართველოს მთავრობას წილების ნაწილი უსასყიდლოდ გადასცეს. კომპანიის ცნობით, ეს ნაბიჯი საქართველოს მთავრობას საერთაშორისო კომპანიის მართვაში მონაწილეობის მიღების საშუალებას მისცემს.
როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, რეგიონში ბოლო დროს განვითარებული ნეგატიური მოვლენების გამო, IDS BORJOMI International-ს აქვს ბიზნესის წყვეტა და სირთულეები საბანკო სერვისებთან დაკავშირებით, რის შედეგადაც კომპანია იძულებული გახდა, ქალაქ ბორჯომში მდებარე ჩამომსხმელ ქარხნებში საწარმოო პროცესი შეეჩერებინა. შედეგად ათასზე მეტი ადამიანი სამსახურის დაკარგვის რისკის წინაშე აღმოჩნდა.
კომპანიის ცნობითვე, თუ საქართველოს მთავრობა შეთავაზებას დათანხმდება IDS ბორჯომი საქართველო შეძლებს ქარხნებში საწარმოო პროცესის აღდგენას.
შეგახსენებთ, რომ კომპანიამ „IDS ბორჯომი საქართველომ“ ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში წარმოების პროცესი შეაჩერა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულის მიზეზი უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებია.
ცნობისათვის, IDS Borjomi International-ის მთავარი აქციონერი არის სანქცირებული რუსი მილიარდების, მიხაილ ფრიდმანის დაფუძნებული კომპანია "ალფა ჯგუფი". ეს უკანასკნელი „ბორჯომის“ საკონტროლო პაკეტს 2013 წლიდან ფლობს, როდესაც რუსულმა ჰოლდინგმა 60%-იანი წილი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისგან 460 მილიონ დოლარად შეისყიდა. ამჟამად, IDS Borjomi International-ის 60%-იან წილს "ალფა ჯგუფი"; 40%-იან წილს კი პატარკაციშვილების ოჯახი ფლობს.