მართალია, დი დი ბლანჩარის მკვლელობამ მთელი ამერიკა შეძრა, მაგრამ სიმართლე, რომელსაც მოკლული ყველას და პირველ რიგში საკუთარ სნეულ შვილს უმალავდა, ბევრად შემზარავი და შოკის მომგვრელი აღმოჩნდა.
სნეული შვილის იდეალური დედა - მისურის შტატის ქალაქ სპრინგფილდში 48 წლის კლოდილი, რომელსაც ყველა დი დის ეძახდა, სნეულ ქალიშვილთან ერთად 2010 წელს გადაბარგდა ლუიზიანადან დამანგრეველი ქარიშხლის შემდეგ, საქველმოქმედო ორგანიზაციის აშენებულ, პატარა ვარდისფერ ბუნგალოში დასახლდა და სწრაფად იქცა ადგილობრივ ღირსშესანიშნაობად. მუდამ მომღიმარ, ყოველთვის კეთილგანწყობილ დი დის, რომელსაც ძალიან უყვარდა კაშკაშა ფერის სამოსი და ბაფთები თმაში, მეზობლები საოცრად კეთილ, გულისხმიერ ქალბატონად ახასიათებდნენ, რადგან არასდროს ამბობდა უარს დახმარებაზე, ადვილად იძენდა მეგობრებს და ერგულებით იმსახურებდა მათ ნდობას. დი დი არსად მუშაობდა, მხოლოდ შემოწირულობის ხარჯზე ცხოვრობდა და მთელ დროს ინვალიდის ეტლს მიჯაჭვულ შვილს უთმობდა. ჯიფსი როუზი, რომელმაც "ბოშური ვარდის" სახელი, ერთის მხრივ, ეგზოტიკის მოყვარული დედის, მეორეს მხრივ კი, ცნობილი ჯგუფის Guns and Roses თავგადაკლული ფანი მამის წყალობით შეიძინა, გამხდარი და ფერმკთალი, დაახლოებით 1,5 მეტრის სიმაღლის მოზარდი იყო უზარმაზარი სათვალით, რომელიც თითქმის მთელ სახეს უფარავდა და თავზე პარიკით, რადგან გამუდმებით სცვიოდა თმა, სპეციალური საკვები მილით მუცელში და ნაზალური კათეტერით ყურების გარშემო, მცირე ზომის ინპლანტანტით ყურებში, ხშირი ინფექციისგან დასაცავად და ჟანგბადის ბალონით, რომელსაც სულ თან ატარებდა. უამრავი დაავადების მიუხედავად, საოცრად ხალისიანი ჯიფსი არასდროს კარგავდა ოპტიმიზმს და ყველას გასაკვირად განსაკუთრებული სიცოცხლისუნარიანობით გამოირჩეოდა, რაც პირველ რიგში, სწორედ მზრუნველი დედის დამსახურება იყო, რომელიც შვილის ერთადერთ კომპანიონად, მის მხსნელად იქცა და მაქსიმალურად ცდილობდა საბრალო გოგონასთვის მძიმე ცხოვრების შემსუბუქებას. თუმცა, უყურადღებოდ დი დი არც მეზობლის ბავშვებს ტოვებდა, ზაფხულში სუფთა ჰაერზე კინოჩვენებას აწყობდა და საკუთარი სახლის კედელზე მოძველებული პროექტორით ფილმებს აჩვენებდა. მშობლები კი, რომელთაც ნაკლებად ჰქონდათ შვილების განებივრების საშუალება, სიამოვნებით უხდიდნენ მისსის ბლანჩარს ამგვარი ატრაქციონისთვის სიმბოლურ თანხას, რაც ისევ ჯიფსის მკურნალობაში იხარჯებოდა. შეკითხვაზე, რით იყო მოზარდი ავად, დი დის მთელი ნუსხა ჰქონდა მომზადებული - გოგონა ქრომოსომული დეფექტებით დაიბადა, კუნთის დისტროფიით, მძიმე ასთმით, ძილში აპნოეთი იტანჯებოდა და მხედველობას უჩიოდა. მართალია, ბავშვობაში ლეიკემიას სძლია, მაგრამ ტვინის დაზიანების შემდეგ სერიოზულად ჩამორჩა განვითარებაში, ბევრად პატარად მიაჩნდა საკუთარი თავი, ვიდრე სინამდვილეში იყო და ნამდვილ საოცრებად ითვლებოდა, რადგან მძიმე დაავადების პატრონმა მოზარდობას მიაღწია.