24 ივლისიდან ფუნქციონირება დაიწყო სტომატოლოგიური განათლების საერთაშორისო აკადემიამ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, საქართველოს იმპლანტოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის, პროფესორ ვლადიმერ მარგველაშვილის ხელმძღვანელობით. აკადემიის ძირითადი მიზანია საქართველოში უწყვეტი სტომატოლოგიური განათლების ხელშეწყობა და სტომატოლოგთა მუდმივი პროფესიული განვითარება.სტუდენტებსა და მოქმედ სტომატოლოგებს მიეცემათ საშუალება პერმანენტულად მოკლევადიანი, ერთიდან ათ დღემდე, სასწავლო პოსტდიპლომური განათლების კურსების გავლა, რომელიც აკრედიტებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ.აღნიშნული კურსები მოიცავს სტომატოლოგიის ყველა მიმართულებას. მათი საშუალებით ქართველი და უცხოელი სტომატოლოგები მიიღებენ ყველაზე თანამედროვე და აქტუალურ ახალ ინფორმაციებს პაციენტთა სტომატოლოგიური დაავადებების პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესახებ. სასწავლო კურსს გაუძღვებიან საქართველოში და მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი პროფესორები, ხოლო მასტერკლასებს ჩაატარებენ გამოცდილი და აკრედიტირებული ტრენერები.