00:59
17 ოქტომბერი, 2021, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
იაპონიის ხელისუფლება „ფუკუსიმა 1“-დან წყლის ოკეანეში ჩაღვრაზე 195 მლნ დოლარს დახარჯავს
30-08-2021

იაპონიის ხელისუფლება 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში 21,4 მლრდ იენის (195 მლნ დოლარის) თანხას გამოყოფს, რომლითაც „ფუკუსიმა 1“-დან რადიაციისგან გაწმენდილი წყლის ოკეანეში ჩაღვრის ხარჯებს დაფარავს. ამის შესახებ ტელეკომპანია NHK იუწყება.

ამ თანხის დიდი ნაწილი, დაახლოებით, 36,3 მლნ დოლარი, ფუკუსიმას პრეფექტურას თევზჭერის დარგისთვის გადაერიცხება, ხოლო 18,1 მლნ დოლარი საინფორმაციო კამპანიაზე დაიხარჯება, რამაც წყლის ჩაღვრის შემდეგ მომხმარებლების უნდობლობა უნდა გააქარწყლოს. დანარჩენი თანხა სხვადასხვა უწყებას შორის გადანაწილდება, რომლებიც წყლის ჩაღვრამდე ცალკეულ გაზომვით სამუშაოებს ჩაატარებენ.

იაპონიის ხელისუფლებამ „ფუკუსიმა 1“-ის ატომური სადგურიდან რადიაქტიური ნივთიერებებისგან სრულად გაწმენდილი წყლის ოკეანეში ჩაღვრის ნებართვა 13 აპრილს გასცა. თუმცა წყალი ტრიტიუმს, ანუ წყალბადის რადიაქტიურ იზოტოპს მაინც შეიცავს. წყლის ჩაღვრისთვის მზადების პროცესს 2 წელი დასჭირდება, რა დროშიც, ხელისუფლების მტკიცებით, გადასაღვრელ წყალში ტრიტიუმის შემცველობა ერთ-მეორმოცედამდე იქნება დაყვანილი. ეს დაშვებული უსაფრთხო ნორმაა, რომელიც რადიოლოგიური დაცვის საერთაშორისო კომისიისა და იაპონიის ხელისუფლების მიერ არის დადგენილი.

ამ მომენტისთვის აეს-ის ტერიტორიაზე რეზერვუარებში 1,25 მლნ ტონა გასუფთავებული წყალი არის დაგროვილი. ოკეანეში მისი ჩაღვრა მომდევნო 30 წლის განმავლობაში, ეტაპობრივად მოხდება. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო აცხადებს, რომ ამ პროცესს ბოლომდე გააკონტროლებს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები