იაპონიის ქალაქ კიოტოში ანიმეს სტუდიაში ხანძრის გამჩენს სიკვდილით დასჯა ემუქრება. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა „კიოტო“ ავრცელებს. 41 წლის მამაკაცმა, რომელმაც სტუდიაში ხანძარი განგებ გააჩინა, პოლიციას განუცხადა, რომ ანიმეს სტუდიამ მას ნოველა მოპარა, რისთვისაც მან შური იძია. დაკავებულის თქმით, ცეცხლის წასაკიდებლად გაზქურის ცეცხლისმოსაკიდებელი მექანიზმი გამოიყენა. ეჭვმიტანილმა სწრაფად აალებადი სითხე დაასხა მეორე სართულზე, ცეცხლი მოუკიდა შეძახილით „მოკვდით!“ და შენობა დატოვა. სამსართულიან შენობაში ცეცხლი სწრაფად გავრცელდა. 33 ადამიანი დაიღუპა, ათობით დაშავდა. იაპონიაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ეს ხანძრის ყველაზე დიდი მსხვერპლია.