იაპონიაში მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაციის დაწყება მაისში, ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე 2 თვით ადრე იგეგმება, - ამ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
როგორც ადგილობრივი გამოცემა Yomiuri Shimbun-ი წერს, მთავრობაში იმედოვნებენ, რომ ივლისისთვის, როდესაც ოლიმპიური თამაშების გახსნა იგეგმება, ზრდასრული მოსახლეობის უმეტესი ნაწილი აცრილი იქნება.
ქვეყანა ფარმაცევტულ კომპანიებს ქვეყანაში მცხოვრები 126 მილიონი მოქალაქის ვაქცინაციისთვის საკმარისი რაოდენობის დოზის მიწოდებაზე შეუთანხმდა.
აღსანიშნავია, რომ პირველი ვაქცინა, რომლის გამოყენებასაც იაპონია ვაქცინაციის პროგრამაში გეგმავს და რომლის დამტკიცებაზეც მუშაობა უკვე მიმდინარეობს, კომპანია Pfizer-ის ვაქცინაა.
მედიის ინფორმაციით, პირველ რიგში 10 000-მდე მედიკოსი აიცრება, შემდეგ კი 65 წელს ზემოთ და თანხმლები დაავადების მქონე მოქალაქეები, რომელთა საერთო რაოდენობა 50 მილიონს აღწევს.