იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, კაგოშიმას და კუმამოტოს პრეფექტურებში, ძლიერი წვიმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Japan Today ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ამ დროისთვის დაკარგულად ითვლება 9 ადამიანი. გარდა ამისა, სტიქიის გამო, 200 000-მდე ადამიანი ევაკუირებულია, ათასობით ოჯახი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა შინზო აბემ მოსახლეობას მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდა. მან დაზარალებულ მხარეში სამაშველო და აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობისთვის 10 000 ჯარისკაცის გაგზავნის განკარგულება გასცა.