ხუთი სპეციალიზებული გემისგან შემდგარმა იაპონურმა ფლოტილიამ სიმონოსეკის პორტი დატოვა და ვეშაპებზე სანადიროდ ზღვაში გავიდა. სააგენტო „კიოდოს“ ცნობით, იაპონია რეწვის მიზნით 227 ვეშაპის დაჭერას გეგმავს. იაპონიის სოფლის მეურნეობისა და თევზჭერის მინისტრმა განაცხადა, რომ იაპონია მკაცრად დაიცავს მისთვის დადგენილ კვოტებს და ამავდროულად, ვეშაპებზე ნადირობის მრეწველობას აღადგენს. ამ ეტაპზე იაპონიას უფლება აქვს ნადირობა მხოლოდ მის ტერიტორიულ წყლებსა და ეკონომიკურ სივრცეში აწარმოოს.
როგორც ცნობილია, 2014 წელს ჰააგის სასამართლომ ტოკიოს ვეშაპებზე ნადირობის შეწყვეტა მოსთხოვა, ვინაიდან ის არა სამეცნიერო, არამედ სამრეწველო მიზნებით ხორციელდებოდა. იაპონიის ხელისუფლებამ კი პირობა დადო, რომ მნიშვნელოვნად შეამცირებდა ვეშაპებზე ნადირობას, თუმცა მას სრულად არ შეწყვეტდა. „ვეშაპების მრეწველობის საერთაშორისო კომისიამ“ ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკა, ტოკიო კი დაიმუქრა, რომ დატოვებდა ორგანიზაციას და საბოლოოდ, 2018 წლის 30 ივლისს ასეც მოიქცა.